19 მაისი 2024,   03:29
ვრცლად
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.  

სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარეს აქვს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ ტერორიზმის ხელშეწყობით დაკავებული ზურაბ იდოიძის ბრალეულობა დადასტურდეს.

„საქმეში შეკრებილია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც იძლევა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ წარგვედგინა ბრალდება იდოიძისათვის. რაც შეეხება კონკრეტულად მტკიცებულებების შინაარსს, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ეს არის ასევე ვიდეოკამერის ჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები,“-აცხადებს პროკურორი ნანა ხუნჯუა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა განმარტა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უახლოეს დღეებში გასაჩივრდება. ადვოკატმა დღეს სასამართლო სხდომაზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, რაც იქნა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა, რაც ჩვენს მიერ იქნება გასაჩივრებული კანონით დადგენილი წესით,“-განაცხადა დავით მოდებაძემ.  

ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი დავით მოდებაძე განმარტავს, რომ იდოიძეს დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად ის წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.  

ზურაბ იდოიძე  ახმეტაში 9 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები