20 აპრილი 2024,   15:47
ვრცლად
2 დანაშაულში გამართლებულ პავლე გოცირიძეს პოლიცია კიდევ ერთ დანაშულს ედავება, მისი მეგობარი კი სამართალდამცავებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

2 წლის განმავლობაში ორ სხვადასხვა დანაშაულში გამართლებულ პავლე გოცირიძეს პოლიცია კიდევ ერთ დანაშულს ედავება. ამჯერად გოცირიძე გატაცებასა და გამოძალვის მცდელობაშია ბრალდებული. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მთავარი მოწმე საქმეში პავლე გოცირიძის ბავშვობის მეგობარია, რომელიც პოლიციას ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

ზაზა ჩალაძე იხსენებს, რომ, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ვინმე გიორგიმ შესთავაზა მისი ბავშვობის მეგობრის დაკავებაში დახმარება. ამ შეთავაზების მიღებამდე კი, როგორც მოწმე ამბობს, სამართალდამცველები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ზაზა ჩალაძის თქმით, პოლიციის წარმომადგენლები მას არარსებული დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. მისივე მონათხრობით, გამოგონილი დანაშაულის ფიგურანტები მასთან ერთად მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ჩალაძე პოლიციელებს სიცრუეშიც ადანაშაულებს. მისი განცხადებით, მას ხელი გამოკითხვის ოქმზე მოტყუებით მოაწერინეს.

ზაზა ჩალაძის ხელმოწერილი დოკუმენტი ერთ-ერთი მტკიცებულებაა პავლე გოცირიძის და სხვა პირების წინააღმდეგ საქმეში. გოცირიძე მეგობრებთან ერთად სამართალდამცველებმა ორი დღის წინ ქარელის მამათა მონასტერში მიმავალი, გორის გზაზე დაიჭირეს.

გამოძიება მათ გამოძალვის მცდელობას ედავება, თუმცა დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

 

დღის ამბები