26 დეკემბერი 2024,   17:18
ვრცლად
ოპოზიცია პრეზიდენტს მაუწყებლის შესახებ კანონზე ვეტოს დადებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

„ეს კანონი მიმართულია საქართველოში მედიაბაზრის განვითარების წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით გააკეთა. დღეს გახდება ცნობილი, დაადებს თუ არა კანონს ვეტოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი გიორგი მარგველაშვილს აღნიშნულ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ, რადგან აცხადებენ, რომ ეს კერძო მაუწყებლებს დააზიანებს.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მედიაბაზარი დაზარალდება.

„ეს კანონი მიმართულია საქართველოში მედიაბაზრის განვითარების წინააღმდეგ, ურტყამს ყველა კერძო ტელევიზიას და აძლიერებს საზმაუს მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე აქვს ბიუჯეტიდან მიღებული 50 მილიონზე მეტი დაფინანსება,“ - აცხადებს ბიბილაშვილი.

ოპოზიციონერის განცხადებით, აღნიშნული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, მედია გარემო გაუარესდება და ის პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.

„ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა კიდევ დამატებით რეკლამის მიღების საშუალება, მაშინ, როდესაც ეს სარეკლამო ბაზარი ისედაც მცირეა და იყოფა ყველა კერძო ტელევიზიაზე. ბუნებრივია, ეს არის უსამართლო, მედია გარემოს გაუარესებისკენ მიმართული და პრეზიდენტმა ამ კანონს ნამდვილად, ვეტო უნდა დაადოს,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„ეს კანონი იქნება ძალიან დამაზიანებელი ქვეყანაში ტელევიზიების და ზოგადად, მედიის თავისუფლებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და მას აუცილებლად ვეტო უნდა დაედოს და პარლამენტმაც, თუკი ეკონომიკის კომიტეტის პოზიციას, რაც ჰქონდათ, გაიზიარებენ, აღარ უნდა დაძლიონ ვეტო,“ - აცხადეს ჭიაბერაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები