პოლიტიკურ პარტიებს უფრო არსებითი კონტაქტი სჭირდებათ საზოგადოებასთან, რომ დაარწმუნონ მათი პარტიის არჩევაში - ეს განცხადება, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა გააკეთა.
მან 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი შეაფასა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩატარდა, მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, რაც უჩვეულოა.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ საქართველოში, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის დონე დაბალია. გამოკითხულთა ნახევარიც კი ვერ ირჩევს, მხარი დაუჭიროს თუ არა პოლიტიკურ პარტიას. ეს უჩვეულოა, რადგან არჩევნები ცოტა ხნის წინ ჩატარდა. შეგვეძლო წარმოგვედგინა, რომ მხარდაჭერა მაღალი იქნებოდა, მაგრამ ვხედავთ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა ბევრია. აღსანიშნავია, რომ ეს უფრო მაღალია ახალგაზრდებში. ამიტომ, პოლიტიკურ პარტიებს უფრო არსებითი კონტაქტი სჭირდებათ საზოგადოებასთან, რომ დაარწმუნონ მათი პარტიის არჩევაში,“ - განაცხადა ლორა ტორნტონმა.
NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის განცხადებით, კვლევით ასევე ცნობილი გახდა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის მიმართ საკმაოდ სუსტია. აღნიშნულის ფონზე ლორა ტორნტონი კანონმდებლებს საზოგადოებასთან მეტ კომუნიკაციას და პროცესებში მეტ ჩართულობას ურჩევს.
მისივე თქმით, დაბალია კონსტიტუციის შესახებ ინფორმირებულობის დონე.
პარტიების მხარდაჭერის დაბალ დონეზე ამახვილებს ყურადღებას ”CRRC - საქართველოს” პრეზიდენტი. კობა თურმანიძე ამბობს, რომ მოსახლეობა მხარდაჭერის გადაწყვეტილებას ძირითადად არჩევნების დღეს იღებს.
„პოლიტიკოსების და პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოში ახალი ამბავი არ არის და წლების მანძილზე გრძელდება. ჩვენ წლების მანძილზე ვხედავთ, რომ პარტიების მიმართ მხარდაჭერა, არ ვგულისხმობ ხმის მიცემის განზრახვას, მათი მხარდაჭერა, როგორც თავიანთ შეხედულებებთან ახლოს მდგომი პოლიტიკური ძალებისა, არის საკმაოდ დაბალი. ხდება ხოლმე ისე, რომ მოსახლეობის უმეტესობას ასეთი პარტია საერთოდ არ ჰყავს,“ - აცხადებს ”CRRC - საქართველოს” პრეზიდენტი კობა თურმანიძე.