08 სექტემბერი 2024,   03:52
ვრცლად
"თუკი ადამიანმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დაჭირვებოდა" - გუგული მაღრაძე

NDI-ის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. მაჟორიტარობის ცნობადობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ცნობადობის ნაკლებობა შეიძლება იმით აიხსნას, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ისეთი პრობლემები, რომლის გამოც მაჟორიტარები დასჭირდებოდათ. 

"თუკი ადამიანმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება ეს იმას მოწმობს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დაჭირვებოდა. ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც გარკვეულმა რაოდენობამ იცის ვინც პოლიტიკურად აქტიურია, მაგრამ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თავისი პრობლემებით არის დაკავებული. იგივე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. კონსტიტუცია კი ქვეყნის ძირითადი კანონია და შემდეგ ის მოქმედებს, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ არჩევნებზე მოსულთა საშუალო რიცხვი არის 50%-40%. ეს ერთის მხრივ, მიუთითებს, რომ ადამიანებს თავიანთი პრობლემები აქვთ, შეიძლება იმაზე მიუთითებს, რომ არ აინტერესებს იმიტომ, რომ არ აქვს იმედი, რომ ამით რაიმე შეიცვლება,“ - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის აზრით, პარლამენტი უნდა გააქტიურდეს იმ კუთხით, რომ მაჟორიტარებს მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ თავიანთ ამომრჩევლებთან.

„ტენდენცია, რომ მაჟორიტარი დეპუტატები სრულად მოსახლეობას ვერ ფარავენ, ეს შეიძლება ყოველთვის არსებობდეს, მაგრამ მეტი კომუნიკაცია და ჩართულობა და განცდა იმისა, რომ ამომრჩეველს შეუძლია, ხმა მიაწვდინოს თავის მაჟორიტარ დეპუტატს, არის მნიშვნელოვანი. ასე რომ მგონია, ამ კუთხით არის ბევრი რამ გასაკეთებელი და მგონია, რომ პარლამენტი ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს,“- განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები