19 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
„გაუგებარია პროკურატურის პოზიცია, რადგან ჩამდები ბრიგადის შეფები სისტემიდან წასულები არიან“ - დავით ხარშილაძე

სააპელაციო სასამართლოში დავით ხარშილაძის საქმეზე პირველი სხდომა გაიმართა. პროკურატურა საქალაქო ინსტანციის გამამართლებელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის შვილს, დავით ხარშილაძეს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. თუმცა, ხარშილაძე ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი მას სამართალდამცველებმა ჩაუდეს და მომხდარს დედის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებდა.

საბოლოოდ ის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. პროცესს დავით ხარშილაძეც ესწრებოდა, რომელსაც უკვირს, რატომ ცდილობს ასე პროკურატურა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

„პროკურატურის მხრიდან აბსურდული და არაფრისმომცემი მტკიცება მოვისმინეთ. არანაირი ახალი სამხილი მათ არ წარმოუდგენიათ. ამ ინსტანციაში გამამართლებელ განაჩენს ველოდები. გაუგებარია პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთი მიზეზის გამო, რომ ჩამდები ბრიგადის შეფები ვინც არიან, ნატრიაშვილი, თარაშვილი და მღებრიშვილი, დღეს თანამდებობებიდან უკვე გათავისუფლებულები არიან და სისტემიდან არიან წასულები,“ - განაცხადა დავით ხარშილაძემ.

სასამართლო პროცესს „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძეც ესწრებოდა.

„პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო სრულიად სამართლიანი და ადეკვატური გადაწყვეტილება, როცა თქვა, რომ სასამართლო გაოცებულია გამოძიების არაკომპეტენტურობით. იმედს ვიტოვებ, რომ თუ ოდნავ სამართლიანობის განცდა არსებობს და არანაირი ახალი მტკიცებულება პროკურატურას არ აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა დატოვოს აღნიშნული განაჩენი ძალაში. თუმცა, სიურპრიზებს არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არაპროგნოზირებადი პოლიტიკური დაკვეთების ქვეყანაში,“ - განაცხადა ელისო კილაძემ. 

დღის ამბები