19 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
დოკუმენტი, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს - P.S-მა 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში ბრალის დადგენილება მოიპოვა

დოკუმენტი, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს და რომლის ნახვაც, წესით, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უნდა შეეძლოს.

დოკუმენტი სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეს ეხება და მასში დეტალურად არის აღწერილი, რა მოხდა პირველ დეკემბერს - როგორ და ვის მიერ დაიწყო დაპირისპირება ჯერ თბილისის 51-ე სკოლაში, როგორ და ვისი მონაწილეობით გაგრძელდა შემდეგ ხორავას ქუჩაზე და როგორ მოკლეს ორი მოზარდი მათმა თანატოლებმა.

დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული სახელები და გვარები - ვინ როდის სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა დაპირისპირების და მკვლელობის მომენტში.

მასში უამრავი მოზარდის სახელი და გვარია დასახელებული. ვინ ვის დაემუქრა, ვინ ვის იარაღი მიუშვირა, ვინ ითხოვა დახმარება, როგორ დაითქვა შეხვედრა და ა.შ. საერთო ჯამში, გარჩევაში 25-მდე ბავშვი მონაწილეობდა, მაგრამ აქედან ნახევარი იდენტიფიცირებული არ არის.

გამოძიების მსვლელობას ის გარემოება აფერხებს, რომ მოზარდები ერთმანეთს აფარებენ ხელს და, უფრო მეტიც, ამახინჯებენ ფაქტებს, იბრალებენ ერთმანეთის დანაშაულს და, შესაბამისად, გამოძიებას სრულიად დამახინჯებული სურათი აქვს.

მოკლული სარალიძის მამა ამბობს, რომ რეალური ფაქტები სრულიად სხვაგვარი იყო. ზაზა სარალიძე გამორიცხავს, რომ მის შვილს 12-ჯერ დანა მხოლოდ ერთმა არასრულწლოვანმა დაარტყა.

ბრალის დადგენილებას არც დაზარალებული და არც ბრალდებული არ ეთანხმება.

დოკუმენტი, რომელიც პოსტ სკრიპტუმმა მოიპოვა, მკვლელობიდან 14 დღის შემდეგ არის დაწერილი. ცნობილია, რომ მას შემდეგ პროკურატურამ მკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებს ბრალი ორჯერ დაუმძიმა. შეძლო თუ არა გამოძიებამ ჩხუბში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება ბრალის ახალ ფორმულირებაში, ამ დრომდე უცნობია. საგამოძიებო უწყება არაფერს ამბობს, თუმცა, სახელმწიფო ბრალმდებელს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მაინც მოუწევს. საქმის არსებითი განხილვა ხვალ, 14 საათზე, იწყება. 

დღის ამბები