22 დეკემბერი 2024,   20:53
ვრცლად
გროზნოს მერის და კადიროვის მეგობრის გასაიდუმლოებული შეხვედრები საქართველოში-გროზნოს მერიის ადმინისტრაციაში "კურიერს" ინფორმაციის დამალვა ურჩიეს

ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციისა და ანტიტერორისტული სპეცოპერაციების შემდეგ საქართველოში რამზან კადიროვის მთავრობის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი ჩამოვიდა. „კურიერის“ ინფორმაციით გროზნოს მერი მუსლიმ ხუჩიევს შეხვედრები თბილისსა და ბათუმში ჰქონდა, თუმცა ვის შეხვდა და რა თემაზე ესაუბრა, გასაიდუმლოებულია.

გროზნოს მერი „კურიერმა“ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიღო, თუმცა საქართველოში ყოფნის მიზეზებზე მას არ უსაუბრია. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ჩეჩნეთის მთავრობის ერთ-ერთი გავლენიანი მაღალჩინოსნის დაცვა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხუჩიევი საქართველოში იმყოფებოდა და ქვეყანა დღეს დატოვ, გროზნოს მერიის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, სადაც ამ ვიზიტის გახმაურებისგან „კურიერს“ თავის შეკავება ურჩიეს.

„არავითარი მიზანი, შეიძლება სამკურნალოდ ჩამოვიდა ან სტუმრად ჩავიდა ვინმესთან. ისე რომ იცოდეთ, არაოფიციალურადაა ჩამოსული ყოველგვარი მიზნის გარეშე, სასურველია, რომ ეს ინფორმაცია საერთოდ არ გაახმაუროთ რადგან ადამიანი არის შვებულებაში და დასვენება სურს. არ ვიცი როდის ჩამოვიდა ან რამდენია ხანია რაც მანდ იმყოფება, რომც ვიცოდე არ გეტყოდით,“-განაცხადა გროზნოს მერიის საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსმა.

კადიროვის მთავრობის წევრის ვიზიტს წინ კადიროვის განცხადება უძღვოდა, რომელმაც საქართველოში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ვიცით, გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე შაითანზე. მათ გამოგზავნეს ისინი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ტერაქტების მოსაწყობად. მათ ახლა საქართველომდე მიაღწიეს და როგორც კი საზღვარს გადმოკვეთენ ჩვენ მათ მალევე დავაკავებთ ან გავანადგურებთ,“-განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა.

დღის ამბები