27 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილს იცნობდა

ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის გუშინ თბილისში დააკავა. გამოძიება ბერძენიშვილს ტერორისტული საქმიანობის მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

ელდარ გვალიას განცხადებით, ანატოლი ბერძენიშვილი მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილთან ნაცნობობას ადასტურებს, რომელიც პანკისის სპეცოპერაციისას მძიმედ დაიჭრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. რაც შეეხება სხვა ბრალდებულ პირებს, უფლებადამცველი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. 

„რას ედავება სპეცსამსახური ჩემთვის უცნობია, ვინაიდან ბრალი ანატოლის ჯერ არ წარდგენია. დაკავების საფუძველი სავარაუდოდ არის ის, რომ მას თურმე კავშირები ჰქონდა ტერორისტებთან. კონკრეტულად ვისთან არ ვიცით. იყენებს მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებას. არ აღიარებს არანაირ კავშირს. მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით რამდენადაც მახსოვს ნაცნობობა დააკავშირა მხოლოდ და სხვებთან, მათ შორის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით მას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს,“ - განაცხადა ადვოკატმა ელდარ გვალიამ. 

ანატოლი ბერძენიშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების დასახმარებლად თურქეთში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, ბერძენიშვილი ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს, საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის გადაკვეთაში დაეხმარა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები