27 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დალაქიშვილი მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის დააკავეს

„ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტსა და მხარდამჭერს, გოგიტა დალაქიშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მას გამოძიება ანგარების მიზნით კერძო საუბრების საიდუმლოების დარღვევაში ადანაშაულებს.

დაკავებამდე სამართალდამცველებმა გოგიტა დალაქიშვილის საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს. „კურიერის“ ინფორმაციით, სახლიდან რამდენიმე ჩანაწერია ამოღებული, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაკეთებულა.

გოგიტა დალაქიშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეცდომით დააკავეს. „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტის უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ დალაქიშვილი მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის დააკავეს. 

„ბრალის დადგენილება ჯერ არ გადმოგვცემია. ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. ბრალის წაყენებამდე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული. იმედს ვიტოვებ, რომ საგამოძიებო მოქმედება მივა იმ დასკვნამდე, რომ თავად აღიარებენ, რომ ეს იყო შეცდომა. ის უფრო ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. თუკი საქმის მასალებში ვნახავთ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, დარწმუნებული იყავით, რომ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, რომ დავამტკიცოთ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იქნება დაკავებული,“- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

დალაქიშვილმა საზოგადოებას თავი რამდენიმე თვის წინ გაკეთებული სკანდალური განცხადებებით დაამახსოვრა. ის ამბობდა, რომ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მას თანაგუნდელების წინააღმდეგ პროვოკაციებისა და საპროტესტო აქციების მოწყობას ავალებდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები