19 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
„ყველა ერთისთვის“ - „ბახალას“ განაჩენის გასაპროტესტებლად საზოგადოება პარლამენტთან შეიკრიბა

„ყველა ერთისთვის“ - ამ ლოზუნგის გარშემო რუსთაველის გამზირზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი შეიკრიბა. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გასაპროტესტებლად მისმა მეგობრებმა და თანამოაზრეებმა აქცია თბილისში, პარლამენტის წინ გამართეს.

საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, „ბახალას“ საყვარელი მუსიკალური კომპოზიციებიც შეასრულეს.

„ბახალას“ გათავისუფლების მოთხოვნით, რომელსაც 8 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, მხარდამჭერებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს.

საგანგებო პეტიციის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტია. მისი ავტორები გიორგი მარგველაშვილს ექსკლუზიური უფლების გამოყენებას და მსახიობის შეწყალებას სთხოვენ. თავის მხრივ კი, სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ.

აქციის ორგანიზატორები ნარკოპოლიტიკის რეფორმის დაჩქარებას ითხოვენ. მათი თქმით, ვიდრე კანონმდებლები კონკრეტულ ინიციატივებს კანონებად აქცევენ, ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლები ხდებიან.

არასამთავრობო სექტორი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გარდა, პოლიციის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზეც საუბრობს.

ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს. 

 

ავტორი: ნატა კვირჩილაძე.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები