20 აპრილი 2024,   00:24
ვრცლად
შინაპატიმრობის მისჯის მიუხედავად, სააკაშვილი 4 თებერვალს საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს კიევის სასამართლომ ღამის 10-დან დილის 7 საათამდე სახლიდან გასვლა აუკრძალა. მოსამართლეთა კოლეგიის ეს განჩინება უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინული ოპოზიციის ლიდერი ვერ შეძლებს რეგიონებში გასვლას და მხარდამჭერებთან შეხვედრებს.

მიხეილ სააკაშვილმა კიევში საპროტესტო მარში, პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით, უკვე დააანონსა. მიხეილ სააკაშვილი კონსულტაციებს უკრაინის ყველა მთავარ ოპოზიციურ ძალასთან მართავს. 4 თებერვალს საპროტესტო მსვლელობისთვის უკრაინული ოპოზიცია ერთობლივი მობილიზაციისთვის ემზადება.

„მათ ეშინიათ, რომ ვიარო რეგიონებში და ავწიო ხალხი რეგიონებში. მათ ეშინიათ წალენჯიხის ავტობუსის ეფექტის, ასე, რომ გააკეთეს მინიმალური შეზღუდვა, ამაზე მინიმალური შეზღუდვა არ არსებობს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კარვების, დაპირისპირების და რევოლუციის გარეშე, ოლიგარქიული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინაში და საქართველოში გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება და პატიმრობის 3-წლიანი ვერდიქტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიების ნაწილია.

„ივანიშვილი ეძებდა ნებისმიერ საბაბს, რომ მე საქართველოში არ ჩამოვეშვი და საქართველოს პოლიტიკიდან ჩემი იზოლაცია მოეხდინა, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან საკმარისი ძალაც მაქვს, ენერგიაც მაქვს და ყველაფერს გავწვდები,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

26 იანვრის გადაწყვეტილებას კორექტივები მიხეილ სააკაშვილის გეგმებში მხოლოდ ღამის საათებში შეაქვს.

მომდევნო მარში, უკრაინული ოპოზიციის და მათი მომხრეების მონაწილეობით, კიევში 4 თებერვალს იგეგმება.

დღის ამბები