19 დეკემბერი 2024,   06:37
ვრცლად
მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა უკვე დასჯადია - ოპოზიცია მმართველ გუნდს პოლიტიკური ფარსის მოწყობაში ადანაშაულებს 

საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად მოამზადოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც გუშინ დაანონსდა.

დეპუტატები არ მალავენ, რომ ამის მიზეზი პრეზიდენტი გახდა, რომელიც მათივე შეფასებით, სახელმწიფოებრივ ხედვას აზარალებს.

“ის მისი თანამშრომლების ეგიდით თავს ესხმის ჩემი აზრით, ძალიან რაციონალურ სწორ და სახელმწიფოებრივ ხედვას. ამოცანა და ინტერესი უნდა იყოს, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რომ ასეთ ძალიან მგრძნობიარე საკითხს, ძალიან საყურადღებო თემას მივუდგეთ არა ანგაჟირებულობის ხარისხით, არამედ თავად საკითხის შინაარსის მიხედვით,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ხელისუფლების მხრიდან ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას, მორიგ ფარსს უწოდებს ოპოზიცია.

„თუ აქ საუბარია იმაზე, რომ გამოძიებას ვინმე ხელს უშლის საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში უკლებლივ ყველა გახმაურებული შემთხვევა უკავშირდებოდა პირდაპირ ხელისუფლებას და ყველა კრიმინალური შემთხვევის უკან რეალურად დგას ხელისუფლება. გამოძიების სურვილი არ აქვს ხელისუფლებას და ახლა შეიძლება განტევების ვაცის ძიებაში, ასეთი კანონმდებლობის შემუშავება უნდა უმრავლესობას,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნინო კალანდაძე.

„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმრავლესობას ახსენებს, რომ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა დღესაც დანაშაულია და სისხლის სამართლის კოდექსი დამატებით ცვლილებებს აღარ საჭიროებს.

„საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებაზე და მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლის დანაშაულად გამოცხადებაზე, არის მორიგი ფარსი შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს ქმედება არის დღესაც, მოქმედი კანონმდებლობით დასჯადი. უბრალოდ პრობლემა არის იმაში, რომ „ქართული ოცნება“ ხშირ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ბრალდებებისთვის,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.  

„ქართული ოცნებისთვის“ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკის მიზეზი სანდრო გირგვლიანის საქმეზე გაკეთებული განცხადებები გახდა. ამის გამო უმრავლესობა გეგმავს, გაამკაცროს პასუხისმგებლობა მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლის მოტივით.

ამავე თემაზე
დღის ამბები