19 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა 

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ვითარება საკმაოდ რთულია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პანიკა მეტროსადგურში დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო, როდესაც ახლად გარემონტებულ სადგურს ჭერი მოწყდა და მგზავრებს დაეცა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ჭერის ჩამონგრევის დროს მგზავრთა ნაწილი მატარებლის ვაგონებში იმყოფებოდა, ნაწილი კი მოსაცდელ დარბაზში. მათივე თქმით, შემთხვევის დროს გაითიშა ელექტროენერგიაც და მოხდა დაკვამლიანება.

დაშავებულების უმეტესობას მოტეხილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთ დაშავებულს კი, დაზიანებული აქვს ხერხემალი.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი. თუმცა, კეთდება განცხადებები, რომ ჭერის ჩამონგრევა გამოიწვია არასათანადოდ შესრულებულმა სამუშაოებმა. 

დღის ამბები