19 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამოშლასთან დაკავშირებით კომპანია „ყვარელრემმშენის“ ადვოკატი და მენეჯერი ყველა ბრალდებას უარყოფენ

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამოშლასთან დაკავშირებით კომპანია „ყვარელრემმშენის“ ადვოკატი და მენეჯერი ყველა ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ სამუშაოების განხორციელებას უშუალოდ პროექტის ავტორი აკონტროლებდა.

პროექტის ავტორი, კომპანია „გეომეფის“ აღმასრულებელი დირექტორი, გოგა კვარაცხელია აცხადებს, რომ ახალი ჭერი, მშენებლებმა ძველ ანკერებზე დაამაგრეს. კვარაცხელიას მტკიცებით, ანკერები დღესაც ადგილზეა, ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ პრობლემა არა პროექტში, არამედ მის შესრულებაში იყო.

კომპანია „ყვარელრემმშენის“ დირექტორი, გიორგი ჯოხარიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბრალდებებისგან თავს შეიკავებს. ჯოხარიძის თქმით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ, ყველა დოკუმენტაცია წარადგინეს და აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდება.

გიორგი ჯოხარიძე ასევე აღნიშნავს, რომ ზედამხედველობა უშუალოდ პროექტის ავტორს ეხებოდა. მან ასევე განმარტა, რომ სატენდერო წინადადებაში ეწერა, რომ ახალი კონსტრუქცია ძველზე უნდა გაკეთებულიყო.

ჯოხარიძის თქმით, მას შემდეგ, რაც კითხვები გაუჩნდათ, რამდენად გაუძლებდა ძველი კონსტრუქცია ახლის წონას, ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა კომპანია „გეომოფმა“ მათ თავად წარუდგინა.

კომპანია „ყვარელრემშენის“ ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ძველი სამაგრების შემოწმებას ითხოვდნენ.

„ყველა შესრულებულ სამუშაოს ზედამხედველობდა პროექტის ავტორი, იქ იყო გარკვეული მოთხოვნები მათი მხრიდან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან, თუმცა, აღნიშნული მოთხოვნაც აღმოფხვრილ იქნა იქიდან გამომდინარე, რომ დამკვეთმა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომ იმ ძველ სამაგრებზე შეიძლებოდა აღნიშნული კონსტრუქციის გაკეთებაც,“ - განაცხადა ადვოკატმა. 

დღის ამბები