16 ოქტომბერი 2019,   02:44
ვრცლად
მოზარდების დაჭრის საფუძველი სკოლის ბანკეტზე ყოფილი კლასელების დაპატიჟება გახდა - ადვოკატი

წითელ ბაღთან მოზარდების დაჭრის საფუძველი სკოლის ბანკეტის აღნიშვნა გახდა - ამის შესახებ განცხადება დაკავებული მოზარდის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ გააკეთა. სამართალდამცავებმა წითელ ბაღთან მოზარდების დაჭრის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი დააკავეს.

ადვოკატის თქმით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტზე ყოფილი კლასელებიც დაპატიჟეს, რამაც რამდენიმე თანაკლასელის უკმაყოფილება გამოიწვია.

„მათი დაპატიჟება არ მოეწონა მათ სხვა კლასელებს და ამის გასარკვევად, თუ რატომ არ სურდათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად მყოფი კიდევ რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე, შეხვდნენ ერთმანეთს მდგომარეობის გარკვევის მიზნით და დაიძაბა ურთიერთობა,“ - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ადვოკატის თქმით, დაძაბული საუბრის დროს ერთ-ერთმა პირმა ცივი იარაღი გამოიყენა.

"ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი, ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ არ ყოფილიყო ორი-სამი პიროვნება ამ ბანკეტზე და აქედან წარმოიშვა ეს კონფლიქტი და გამომდინარე ამ დაძაბული საუბრიდან ერთ-ერთმა გამოიყენა ცივი იარაღი,“ - განაცხადა ადვოკატმა.

წითელ ბაღთან ურთიერთშელაპარაკების შედეგად 3 პირია დაჭრილი, მათ შორის, ორი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით.

დაკავებულს ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები