16 ოქტომბერი 2019,   02:35
ვრცლად
"გომელაურის სტრუქტურა, დამკვეთიც, შემსრულებელიც ყველა სასამართლოს წინაშე რომ წარსდგება, ის იქნება გამოძიება" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მთავარ პროკურორთან შეხვედრის გადაწყვეტილებას დღის ბოლოს გაახმოვანებს. მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის მიუღებელია, უწყების პირველი პირის მხრიდან შეთავაზება, თბილისში ჩასვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თავდაპირველად პროკურატურაში ხეობიდან 12 კაციანი ჯგუფის ჩასვლა დაიგეგმა, თუმცა, უწყებამ პოზიცია შეცვალა და ირაკლი შოთაძე მხოლოდ ოჯახის წევრებთან შეხვედრას თანხმდება.

„იყო მიმართვა, რომ შოთაძე აქ ამოსულიყო ხეობაში და გასაუბრებოდა ქისტ მოსახლეობას, მაგრამ შოთაძე დამიკავშირდა და პირველად მითხრეს, რომ  10-12 კაცის ფარგლებში შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ გაგესაუბროთ, გაეცნობით ყველა მასალას, რაც იქნება, გამოძიება თუ სხვა. ასე გვქონდა გუშინ მოლაპარაკება. დღეს გაირკვა, რომ მარტო ოჯახის წევრებთან ერთად შეგვიძლია გაგესაუბროთო და ხვალისთვის, 13:00 საათზე მელოდებიან. მაგრამ მე გადაწყვეტილება ჯერ არ მაქვს მიღებული, ჩავალ თუ არა. იმიტომ, რომ ამას ჩემთვის არანაირი აზრი არ აქვს," - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ჩასვლის შესახებ საერთო აზრს დღის განმავლობაში ის ხეობის მაცხოვრებლებისგან მოისმენს. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე მისი შვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

"გამოძიება იქნება დამთავრებული, საქმე იქნება გამოძიებული, თუ თემირლანი აღიარეს უდანაშაულოდ, თემირლანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. გომელაურის სტრუქტურა, მთლიანობაში, დამკვეთიც, შემსრულებელიც ყველა სასამართლოს წინაშე რომ წარსდგება, ის იქნება გამოძიება, დანარჩენი აქ არანაირი გამოძიება არ არის საჭირო,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები