19 მაისი 2024,   11:57
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პეტრე პოროშენკოს მალდივის კუნძულებზე დასვენება გააპროტესტეს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თეატრალიზებული აქცია მოაწყვეს. აქტივისტები პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციასთან საცურაო კოსტიუმებით მივიდნენ და ამ ფორმით ახალი წლის პერიოდში პრეზიდენტის მალდივის კუნძულებზე დასვენება გააპროტესტეს.

მედიის ცნობით, პოროშენკოს ერთკვირიანი დასვენება 500 ათას დოლარზე მეტი დაუჯდა. აქცია-ფლეშმობის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. გავრცელებული ცნობით, პეტრე პოროშენკოს გარდა, ძვირადღირებული დასვენება ქვეყნის გენერალურმა პროკურორმაც მოიწყო. იური ლუცენკო სეიშელის კუნძულებზე იმყოფებოდა.

„ჩვენი პრეზიდენტის მორალურმა დაცემამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, არ ვაპირებთ კიდევ მოვითმინოთ, რომ პრეზიდენტი ხალხს ატყუებდეს. ის საერთოდ ადამიანებად არ გვთვლის. ჯობს გადადგეს საკუთარი ნებით, სანამ სხვა მექანიზმი ჩაირთვება, რომელიც მას გადადგომას აიძულებს,“ - განაცხადა "ახალ ძალთა მოძრაობის" წევრმა ლიზა ბოგუტსკაიამ.

პეტრო პოროშენკოს მალდივებზე დასვენებას მიუღებელს უწოდებს "ახალ ძალთა მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი ევგენი ლუკიანცევი.

„იმ დროს, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები და მოხალისეები ფრონტზე იბრძვიან, მაღალჩინოსნები დროს ატარებენ, უბრალოდ სირცხვილია,“ - აცხადებს ევგენი ლუკიანცევი.

დღის ამბები