19 ოქტომბერი 2019,   20:16
ვრცლად
სახალხო დამცველი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლეს და მის ადვოკატს შეხვდა

სახალხო დამცველი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლეს და მის ადვოკატს შეხვდა. დაკავებულის ოჯახმა ნინო ლომჯარიას თხოვნით მიმართა, მაქსიმალურად იყოს ჩართული პროცესში და არ მოხდეს დაკავებულის თურქეთში ექსტრადირება.

ომბუდსმენი ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევაში, მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ დაექვემდებაროს პირი ექსტრადირებას იმ ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი ალბათობით ის შეიძლება გახდეს არაადამიანური და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. ასევე, არ გვაქვს გარანტიები, რომ მისი საქმის განხილვა დაექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს. ეს არის თვითონ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაც, რომ არ განახორციელოს პირის ექსტრადირება იმ ქვეყანაში, სადაც ის შეიძლება გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ისინი ყველა რესურსს მიმართავენ, რათა ჩაბუქის უფლებები იყოს დაცული. მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თაბუ ჩაბუქი იმედოვნებს, რომ მისი მეუღლის თურქეთში ექსტრადირება არ მოხდება.

„სახალხო დამცველი აქამდეც იყო ამ პროცესში ჩართული, უბრალოდ, დღეს კიდევ ერთხელ დეტალურად გავაცანით საქმის დეტალები. ის დაგვპირდა, რომ ბოლომდე ადევნებს თვალს და გამოიყენებს მის უფლებებს, რომ არ მოხდეს ჩემი ქმრის ექსტრადირება. 24 თებერვლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. იმედი გვაქვს, რომ თურქეთში ექსტრადირება არ მოხდება და მას გაათავისუფლებენ,“ - აცხადებს თაბუ ჩაბუქი.

დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს წინასაექსტრადაციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს ეწურება. ის შარშან მაისში, თბილისში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. ოფიციალური ანკარა მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებს. 

დღის ამბები