27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
პოლიტიკური ნაბიჯი - მმართველ გუნდში პატიმართა შეწყალების წესში ცვლილებების შეტანაზე პრეზიდენტის ინიციატივას აფასებენ

პრეზიდენტის ინიციატივას, პატიმართა შეწყალების წესში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. ცვლილება ძირითადად ორ მიმართულებას ეხება - ნარკოტიკული და ეკონომიკური დანაშაული.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ ის პრეზიდენტმა კონკრეტულად საპრეზიდენტო არჩევნების წელს დაამთხვია.

„ეს არის სუფთა პოლიტიკური არჩევანი, საკუთარი ინსტრუმენტები თუ საკუთარი უფლებამოსილებები გამოიყენოს იმგვარად, როგორც მას არ არგებს იმ პოლიტიკურ წელს, როდესაც იმართება საპრეზიდენტო არჩევნები. ამიტომ, მე ვხედავ ცოტა არათანმიმდევრულობას პრეზიდენტის მხრიდან, იმიტომ რომ ჰუმანიზმის გამოვლენა მას შეეძლო სხვა წლებშიც, მათ შორის წინა წლებში და არა მაინცდამაინც საპრეზიდენტო არჩევნების წელს, ამიტომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მისი ამ დამოკიდებულების მიმართ,“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ.

განცხადება ამავე თემაზე გააკეთა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც პრეზიდენტის ინიციატივას წინასაარჩევნოდ, ჰუმანიზმით შეფუთული წინასაარჩევნო კამპანია უწოდა.

„ის მმართველი გუნდის მიერ წამოწყებულ ინიციატივას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, იყენებს საკუთარი პოლიტიკური, წინასაარჩევნო მიზნებისათვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მივესალმები, თუკი ნარკოდანაშაულში ბრალდებულს შეიწყალებს. თუკი ის არ შეეხება ნარკოტიკების გამსაღებლებს და გამავრცელებლებს. თუმცა, მსჯავრდებულთა ვადებთან დაკავშირებით, რეგულაციების გაუქმებას მე მთლად სამართლიანად ვერ მივიღებდი, რამე თუ ვფიქრობ, სამი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, დილას მიღებული, არ შეიძლება საღამოს შეწყალების კომისიამ შეცვალოს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები