16 ოქტომბერი 2019,   02:46
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილ წევრს, ლელა გაფრინდაშვილს 12 800 ლარი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ დაერიცხა

აუდიტის სამსახური საზოგადოებრივ მაუწყებელში საფინანსო დარღვევებზე დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი ყოფილი წევრი, ლელა გაფრინდაშვილი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 5 თვის განმავლობაში ხელფასს მაინც იღებდა.

ლელა გაფრინდაშვილის საქმე უკვე პროკურატურაშია. სახელმწიფო აუდიტორები აცხადებენ, რომ 12 ათას 800 ლარი მან ბიუჯეტს უნდა დაუბრუნოს.

რა სტატუსით და ვისი ხელმოწერით იღებდა ლელა გაფრინდაშვილი ხელფასს 5 თვის განმავლობაში, ფინანსური დასკვნის ავტორები დეტალებზე არ საუბრობენ. გაფრინდაშვილმა მაუწყებლის ბორდში საქმიანობა 2016 წლის აპრილში დაასრულა.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შეცდომას ადასტურებენ. სამეურვეო საბჭოს წევრები მომხდარის გამო პასუხისმგებლობას არხის მენეჯმენტს და ბუღალტერის შეცდომას უკავშირებენ.

ინფორმაციას, მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრისთვის ჰონორარის გადახდასთან დაკავშირებით, „საიას“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე ადასტურებს. ის ბორდის ასევე ყოფილი წევრია და იხსენებს, რომ ამ ფატის შესახებ მსჯელობა სამეურვეო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზეც იყო.

პროკურატურაში არ განმარტავენ, დაიწყეს თუ არა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გამოძიება.

აუდიტის სამსახურს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შენიშვნები სხვა ფინანსურ პროცესებთან დაკავშირებითაც აქვთ. მაგალითად, 2015-2016 წლებში არხის გენერალურმა დირექტორმა სახელფასო ბიუჯეტი სამეურვეო საბჭოსგან დამოუკიდებლად 1 მილიონ 182 ათას 139 ლარით გაზარდა.

აუდიტის სამსახურს ასევე აქვს შენიშვნები არაკონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული ტენდერებისა და ბორდისგან დამოუკიდებლად მიღებული მსხვილი ფინანსური გადაწყვეტილებების გამო.

დღის ამბები