26 აპრილი 2024,   19:10
ვრცლად
4 შვილის დედა ქმარმა მუცელში დანით დაჭრა - ელისო ჭურღულაიას ქმარი ციხისთვის არ ემეტება

42 წლის 4 შვილის დედა ზუგდიდის კლინიკის ექიმებმა გადაარჩინეს. მუცელში დანით დაჭრილი ქალი, რომელიც მეხუთე დღეა, ზუგდიდის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენების შეცვლას აპირებს.  

ელისო ჭურღულაია ყვება, რომ მისი მოკვლა მეუღლემ სცადა და დანა ესროლა. მისი თქმით, უკვე წლებია ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, არ გამორიცხავს მეუღლის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალოს. ელისო ჭურღულაია ამბობს, რომ ქმარი ციხისთვის არ ემეტება.

პროკურორმა ბრალდებულის დაპატიმრება მოითხოვა იმ მოტივით, რომ არსებობს მოძალადე ქმრის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მათ შორის, ცოლის მიმართ და მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობაც.

ცოლის დაჭრისთვის ბრალდებულ მურმან ყოლბაიაზე შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული. მისთვის პატიმრობის შეფარდების კიდევ ერთ მოტივად, პროკურორმა მიმალვის საფრთხეც დაასახელა. დაცვის მხარემ კი, მოსამართლეს ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლება სთხოვა.

დიდი ოდენობით კანაფის მოყვანა-შენახვისთვის წარსულში ნასამართლევ მურმან ყოლბაიას ცოლის დაჭრისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

ეს ქალზე ძალადობის მერამდენე ფაქტია, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი, ემა გოგოხია.

დღის ამბები