საპროტესტო აქცია კიევში სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა.
დაკავებულია 37 ადამიანი, მათ შორის შორის არის საქართველოს მოქალაქე, ბატალიონ "დონბასის" წევრი, ლუკა ჩხეტია. თვითმხილველთა ინფორმაციით, ის ძლიერაა ნაცემი. ვრცელდება ცნობა მისი საქართველოში მოსალოდნელი დეპორტაციის შესახებ.
სოლო-მენსკის სასამართლოსთან აქცია ოდესის მერის გენადი ტრუხანოვისთვის საქმის პარალელურად მიმდინარეობდა. მომიტინგეების ცნობით, სასამართლო დარბაზში და შენობასთან, ე.წ. ტიტუშკების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.
არეულობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ კორუფციაში ეჭვმიტანილი ტრუხანოვი თავდებით გაათავისუფლა. პარალელურად, "კურიერის" ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზრდება. ქვეყანაში 20 თებერვლიდან რეიდებს ელოდებიან.
„სოლომენსკის სასამართლოს შენობასთან იმის გამო შევიკრიბეთ, რომ რეალურად ქვეყანაში არ მიმდინარეობს კორუფციასთან ბრძოლა. ოდესის მერი, გენადი ტრუხანოვი, რომელსაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, უკანონო ფინანსურ გარიგებებში ადანაშაულებს, სასამართლომ გაათავისუფლა. შენობასთან იმყოფებოდნენ ე.წ. ტიტუშკებიც. გარკვეული პროვოკაციების შემდეგ კი სამართალდამცველები შეკრებილებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულია სულ 37 ადამიანი , მათ შორის ლუკა ჩხეტიაა. ის ძლიერაა ნაცემი. სამედიცინო დახმარება სხვა დაკავებულებსაც დასჭირდათ. რაც შეეხება მისი დეპორტაციის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ბოლო პერიოდში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ, ჩვენი ხელისუფლებისთვის რატომღაც სასურველები აღარ არიან,“-განაცხადა ბატალიონ ”დონბასის” ყოფილი მეთაურმა სემიონ სემენჩენკომ.