27 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
ავარიული სახლები და ბზარები კედლებზე - წყნეთის ქუჩის მოსახლეობა ძველი თბილისის ყოფილ გამგებელს უკანონო მშენებლობაში ადანაშაულებს

წყნეთის ქუჩაზე, სამსართულიანი ნაგებობის მშენებლობას, რამდენიმე ოჯახი აპროტესტებს. საოფისე ნაგებობა 161 კვ.მ-ზე შენდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები გეოლოგიური დასკვნის გარეშე დაიწყო, გვერდით მდებარე სახლების შესახებ კი დასკვნა არალიცენზირებულმა კომპანიამ დაწერა.

ტერიტორიას 3 მეზობლის თითო სართულიანი სახლი ემიჯნება. სახლები ძველი და ავარიულია, ახალი შენობის მშენებლობის დაწყების შემდეგ კი ბზარების რაოდენობამ მოიმატა.

ტერიტორია ძველი თბილისის ყოფილ გამგებელს ეკუთვნის. ლაშა ფურცხვანიძე საოფისე ფართს თავად იშენებს. ბიზნესმენი მოსახლების ბრალდებებს უარყოფს.

დღის ბოლოს, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობის პროცესი დროებით შეაჩერა. ადგილზე "კურიერის" გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ მშენებელს კანონით გათვალისწინებული ზღვარი მომიჯნავე ავარიულ შენობასთან დაცული არ ჰქონდა.

მეპატრონეს ხარვეზების გამოსასწორებლად დრო მისცეს. ახლა მშენებლებმა უკვე გათხრილი საძირკველი ხელახლა უნდა ამოავსონ და მეზობელ სახლებთან კანონით გათვალისწინებული მეტრნახევრიანი ზღვარი დაიცვან. მშენებლობის გაგრძელების უფლება მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ეშველება ოჯახებს, რომლებიც უკანონო მშენებლობის გამო დაზარალდნენ.

დღის ამბები