26 აპრილი 2024,   15:27
ვრცლად
რეზოლუცია საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით - ბიუროს სხდომა დაპირისპირების ფონზე წარიმართა

ოპოზიცია მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის ინციატივას პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით. 

მიუხედავად ამისა, ოპონენტებმა მმართველი გუნდი დაგვიანებულ რეაქციაში და რუსეთთან არასწორი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს. ბრალდებებს კი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, რეზოლუციაში აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებაზე გაკეთდება.

„დიდი ალბათობით, რეზოლუციაში აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება და ასევე, გავაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს და ის მექანიზმები, რომელიც მონიტორინგზე და პრევენციაზე მუშაობენ, შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროდ, ის, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას რაც შეეხება, ეს საკითხი ფაქტობრივად, აღარ ისმება შესაბამის საერთაშორისო ფორუმებზე უკვე მრავალი წელია. ჩვენ რომ ეს დრო არ დაგვეკარგა მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო წარმატებით შევძლებდით საკუთარი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესების დაცვას,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ ოპონენტები პოლიტიკური ქულების მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა.

არჩილ ტატუნაშვილი კიდევ ორ მეგობართან ერთად რამდენიმე დღის წინ ახალგორში დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მისი ორი მეგობარი კი კვლავ ახალგორში რჩება.

დღის ამბები