26 დეკემბერი 2024,   21:48
ვრცლად
ტატუნაშვილის მკვლელობა - სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი სუს-ს ხაჩიროვის დაკავებაში დახმარებას სთავაზობს

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას სთხოვს.

ზვიად კუპრავას განცხადებით, მას ქართული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ციხიდან დაუკავშირდა. რომლის ინფორმაციითაც, არჩილ ტატუნაშვილი, ოკუპირებული ახალგორის რაიონის გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა და მისმა ძმამ მოკლეს.

კუპრავა ამბობს, რომ მსჯავრდებული მზად არის ოკუპირებული ახალგორის რაიონის გამგებლის ფილიპ ხაჩიროვისა და მისი ძმის დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს.

,,ის ფლობს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ტატუნაშვილის მკვლელ ხაჩიროვთან დაკავშირებით. მას გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხაჩიროვის კონტაქტებთან და პირადად ხაჩიროვთან დაკავშირებით.

ის არის მზად ციხიდანვე დაეხმაროს საქართველოს უშიშროების სამსახურებს ხაჩიროვის ადგილსამყოფელის დადგენაში და დაეხმაროს რაც ყველაზე მთავარია ხაჩიროვის ევაკუაციაში მისი ქართული მართლმსაჯულებისთვის წარდგენის მიზნით,“- ამბობს კუპრავა.

ზვიად კუპრავა ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება, სადაც მას აღნიშნული ინფორმაციის შესახებ უფრო დეტალურად გამოკითხავენ.

დღის ამბები