23 აპრილი 2024,   10:12
ვრცლად
პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა სასამართლო დარბაზში და ბრალდებული, რომელიც სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს

სასამართლო დარბაზში სამართალდამცველებზე განხორციელებული თავდასხმის გამო გივი ამილახვარი 6 თვეა საპატიმროში იმყოფება. ამდენივე თვეა, პროკურატურა პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს და არკვევს, სცემეს თუ არა დაკავების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გივი ამილახვარს.

წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა, გივი ამილახვარმა სასამართლო სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავში ჩაარტყა და აგინა. ამ ქმედების გამო გივი ამილახვარს რამდენიმე დღეში ბრალი პოლიციელებზე განხორცილებული თავდასხმის მუხლით წარუდგინეს, თუმცა თავად წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

ამილახვარი სასამართლო დარბაზში მომხდარის პროვოცირებაში პოლიციელებს ადანაშაულებს. დაკავებულმა სასმართლოზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და ფიზიკური შეურაცხოფის მიყენებაში დაადანაშაულა.

მის სხეულზე დაკავებისას ძალადობის ნიშნების არსებობას ადასტურებს გლდანის დაწესებულების ექიმიც და სამხარაულის საექსპერტო ბიუროც.

ამილახვარის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება ამ ფაქტით არ დაინტერესებულა.

დაცვის მხარეს პრეტენზია გივი ამილახვარის მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებითაც აქვს. ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და ამბობს, რომ სხდომათა დარბაზში დაკავებულს პოლიციელის მიმართ თავდასხმა არ განუხორციელებია. იგივე პოზიცია აქვს დაკავებულის ოჯახსაც.

ბრალდებებს უარყოფს შინაგან საქმეთა სამინიტრო. პრესამსახურის მიერ გავრცელებულ კომენტარში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დეტალურად ყვება, როგორ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას გივი ამილახვარი სამართალდამცველებს.

 

დღის ამბები