24 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
დაკარგული მანქანები და გაფლანგული საწვავი - აუდიტმა რეგიონების გამგეობები შეამოწმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეგიონებში გამგეობების შემოწმების შემდეგ სამ ავტომობილს ეძებს. დოკუმენტებით გაფორმებულია, რომ ავტომობილები მოქმედია, თუმცა ის არავის უნახავს.

სამოცი ათას ლარად შეფასებული "Volkswagen Passat​“-ის საბუთებით გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ის წლებია, მუნიციპალიტეტში აღარ უნახავთ, მანქანა გამგეობამ რაიონის ყოფილ მაჟორიტარს ათხოვა.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსის მანქანა მუნიციპალიტეტიდან წლებია, გაუჩინარდა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ლანჩხუთის ყოფილი გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ, მანქანები გამგებლობის პერიოდში თავისსავე მუნიციპალიტეტს მიაქირავა. ქირის ფული არ აუღია, თუმცა გამგეობაში ადასტურებენ, რომ წლების განმავლობაში ურუშაძის მანქანების სარემონტო და სხვა ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

მუნიციპალიტეტებში დაკარგულ და გაქირავებულ ავტომობილებთან ერთად, სახელმწიფო აუდიტორებმა რეგიონებში საწვავის დაუსაბუთებელ ხარჯებიც დათვალეს. მაგალითად, მარტვილში 200 ლიტრი საწვავი იმ სამსახურის უფროსმა გახარჯა, რომლის სამსახურიც უკვე გაუქმებული იყო.

აუდიტმა კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია ყვარელში 2015-2016 წლებში გახარჯული 300 ლიტრამდე ბენზინი. მაკონტროლებელ ორგანოში დათვალეს, რომ 2015 წელს იქ 4 ათასამდე ლიტრი საწვავი თანამშრომლებზე ლიმიტის გარეშე გასცეს.

დასკვნის მიხედვით, ათასობით ლიტრი საწვავი დასაბუთების გარეშე გახარჯეს ნინოწმინდაში, ადიგენში, ახალქალაქსა და ბორჯომში.

 

ავტორები: ლადო მენაბდე, ემა გოგოხია.

დღის ამბები