23 დეკემბერი 2024,   00:52
ვრცლად
"ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება...და უკვე მეორედ შევასრულოთ ქართველი ხალხის გადამრჩენის ფუნქცია"-სააკაშვილის მიმართვა ენმ-ს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიმართავს. ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაზე საუბრობს და პარტიის წევრებს სთავაზობს ის ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომელიც მისი თქმით, არ გაყიდულა, პრაიმერის გზით შეარჩიოს.

"საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე. ამ პირობებში ივანიშვილმა პრაქტიკულად გამოაცხადა კასტინგი მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე. ის გვიბიძგებს, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ თუ ვინ იქნება მეორე ადგილზე ყველა შემდგომ არჩევნებზე და დავკმაყოფილდეთ ამ რაღაცა საპატიო პრიზით. ნურას უკაცრავად, ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ საქართველოს ხელისუფლებაში უკვე 2018 წელს. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს? ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპრეზიდენტო კამპანიისთვის. პრაიმერის გზით ყველა არ გაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად, ჩვენ უნდა შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი და უნდა ჩავატაროთ ისეთი კამპანია, როგორიც არასდროს ჩაგვიტარებია,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით წინასაარჩევნო კამპანიაში უნდა ჩაერთოს ახალი ხალხი და განსაკუთრებით ახალგაზრდები. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაიყიდა და არ განადგურდა, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილს სურდა, ახლა ამ ძალამ უნდა დაუბრუნოს საზოგადოებას საქართველო.

„ჩვენი ძალა არ გაიყიდა და მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და ეს იყო სანუკვარი ოცნება ივანიშვილის და მისი ჩრდილოელი პატრონების ჩვენი განადგურების, არ განადგურდა და გადარჩა. ახლა ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს საქართველო და უკვე მეორედ შევასრულოთ ქართველი ხალხის და საქართველოს გადამრჩენის ძირითადი ფუნქცია,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები