11 დეკემბერი 2018,   05:30
ვრცლად
"ცინიზმს მე ამას ვერ დავუძახებდი" - ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრობს 

ლავროვის უწყების განცხადებას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერის მიმართვის საპასუხოდ გააკეთა, არაკონსტრუქციულს უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძის თქმით, ლავროვის უწყების განცხადებას ცინიკურს ვერ უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ რუსეთი საგარეო უწყების განცხადება კონსტრუქციულობას მოკლებულია.

კობახიძე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს, რადგან მისი თქმით, ის სეპარატისტულ რეჟიმებზე  კონტროლს ახორციელებს.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ კრემლი პასუხისმგებლობით მოეკიდება პრობლემას და უახლოეს მომავალში მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება.

„სამწუხაროდ რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით, ეს განცხადებაც იყო ამის გამოძახილი დიდი იმედი გვაქვს რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება

ცინიზმს მე ამას ვერ დავუძახებდი, თუმცა ჩვენი მოლოდინი არის რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს კონსტრუქციული მიდგომა და ეს განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება.

მთლიანად პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის სრული კონტროლის განმახორციელებლი მხარე. შესაბამისად ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ კონსტრუქციული მიდგომით უნდა გადაიჭრას ეს საკითხი.

მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის“-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება დღეს გამოქვეყნდა. განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი მიესალმება ჟენევის დისკუსიაში პრემიერის ჩართვის ინიციატივას. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე ქართული მხარის კონსტრუქციულობას გამოიჩენს.

დღის ამბები