19 აპრილი 2024,   08:21
ვრცლად
ნიკა გვარამია მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა

ნიკა გვარამია მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი მამა გიორგი მამალაძესთან, მსჯავრდებულის თხოვნით, ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა.

გვარამია დეკანოზ მამალაძეს ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დეკანოზი "სახელმწიფოსა და ეკლესიას შიგნით არსებული დაჯგუფებების მძევალია". 

ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

ის დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო დეკანოზის მიმართ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია, რის გამოც, გიორგი მარგველაშვილმა ის უნდა შეიწყალოს. 

"მთლად ამას არ მოველოდი, რაც აქ გავიგე. ეს ადამიანი არის მძევალი ქართული სახელმწიფოსა და სამწუხაროდ, ქართული ეკლესიის შიგნით არსებული დაჯგუფებების. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ადამიანი მძევლობიდან გამოვიხსნათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანი - დეკანოზი გიორგი მამალაძე, არის ქართული სახელმწიფოს მძევალი. იგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

"ჩემთვის ამ წუთში სრულიად ნათელია, რომ იგი, როგორც მინიმუმ, შეწყალებულ უნდა იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ. იგი უნდა გამართლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, მაგრამ ცხადია, ამის იმედი არა აქვს.

"ჩვენ ვისაუბრეთ სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებითაც, თუმცა, ეს გრძელი გზაა. დარწმუნებული ვარ, რომ დეკანოზი მამალაძე სტრასბურგში სასამართლოს მოიგებს, თუმცა, თუ ის მანამდე ციხეში დავტოვეთ, შეიძლება, კარგად არ დასრულდეს.

"ეს ადამიანი ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავათავისუფლოთ. იგი სასჯელს იხდის იმისთვის, რაც არ ჩაუდენია, უფრო მეტიც, იგი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები