22 დეკემბერი 2024,   23:08
ვრცლად
ვინ დაწერა პრემიერის ღია წერილი, რომელიც რუსეთს გაეგზავნა - დიპლომატები წინასწარ დაწერილ სცენარზე საუბრობენ

ვინ დაწერა პრემიერის ღია წერილი, რომელიც რუსეთს გაეგზავნა - დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ის წინასწარი დაწერილი სცენარიდან მოდის.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ბათუ ქუთელია, ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილს წერილის მთავარი მიმართულებები მოსკოვიდან უკარნახეს.

ამ ეჭვს თბილისისა და მოსკოვის მიმოწერის სამდღიანი ისტორია ამძაფრებს. კვირიკაშვილს ლავროვის უწყებამ წერილი მე-3 დღესვე მოუწონა. მარია ზახარაოვას პასუხში კი საქართველოს პრემიერმა მოლაპარაკებების ახალი სივრცე დაინახა.

ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ერთი წერილით საქართველოს პრემიერმა მთელი ანტისაოკუპაციო პოლიტიკა სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა. ის ამბობს, რომ საქართველოს პრემიერის ამ გზავნილებს მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ ხშირად გამოიყენებს.

ალექსანდრე რონდელის  ფონდის უფროსი ანალიტიკოსი, გიორგი ბადრიძე, ხელისუფლებას მოუწოდებს, უახლოეს წარსულს გადახედოს, როდესაც რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არც დსთ-ში შესვლამ და არც სხვა კომპრომისებმა მოიტანა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე, ამბობს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიცა ცხინვალში მოკლული სამხედროს ცხედრის გადმოცემა, მაგრამ წერილში საქართველოსთვის სხვა დამაზიანებელი თემები ჩამატებული აღარ უნდა ყოფილიყო.

 

დღის ამბები