სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ზე თავდასხმის ფაქტს პოლიტიკოსები აფასებენ.
ოპოზიცია ამბობს, რომ ე.წ. "ქართული მარშის" ძალადობა წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან და ამ თავდასხმასაც ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვება.
„ისინი არიან მახინჯი, რუსული იდეოლოგიის წარმომადგენლები, ისინი არ არიან ქართული მარში და ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, როცა ხელისუფლება თვალს ხუჭავდა მათ უკანონო ქმედებებზე ეს აღარ განმეორდება.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ ძალიან მკაცრად კონკრეტული სანქციებით იყვნენ დასჯილი ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დაესხნენ თავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას" - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება არის „ ქართული მარშის“ ძალადობრივი ქმედებების წამხალისებელი, მხოლოდ ქვეყანა ზიანდება.
„ეს არის პირდაპირ ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფი, რომელსაც დავალებებს აძლევს სუს-ი და რომელსაც ეკა ბესელია პატრიოტულ ჯგუფად მოიხსენიებს. ისინი არ ისჯებიან ხელისუფლების მხრიდან და პირიქით ხდება მათი ძალადობრივი მოწოდებების წახალისება“-ამბობს ბოკუჩავა.