არჩილ ტატუნაშვილს დაზიანებები ცხინავლის ციხეში მის წამებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ის ექსპერტი საუბრობს, რომელიც თბილისში გადმოსვენების შემდეგ ტატუნაშვილის ცხედრის ექსერტიზას დაესწრო.
დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ამბობს, რომ ტატუნაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ცეცხლნასროლი ჭრილობა სხეულზე არ ჩანს.
„სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ხასიათის დაზიანებები, ნაჭდევების სახით, სისხლნაჟღენთების სახით, თითქმის მთელ სხეულზე. ყველაფერი აღწერილი გვაქვს დასკვნას ფოტოები დაერთვება,“-ამბობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე.
ექსპერტის თქმით, გვამს რედგენოგრაფია ჩაუტარდა, რადგან საეჭვო იყო თითების მოტეხილობა.
„იქ მანიპულაციები ჩატარდა, ალბათ ის ნახა ვინმემ, არ ვიცი ვინ ნახა და ვინ გაავრცელა. რენდგენის დასკვნა დაიდება მერე და ყველაფერს გვიჩვენებს. სხეულზე არსებული მრავალი დაზიანების მიხედვით, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ წამებას ჰქონდა ადგილი" - ამბობს ექსპერტი, ირაკლი თოიძე.
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ექსპერტიზაში ჩართულია მათი წარმომადგენელიც.
ჯიშკარიანის თქმით, საჭიროა მასშტაბური ექსპერტიზის ჩატარება იმის დასადგენად, რომ დადგინდეს უშუალო კავშირი მის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და მისი გარდაცვალების მიზეზთან.
„ვინაიდან საუბარი არის რომ გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვლალა, აუცილებლად უნდა ჩაერთოს კარდიოლოგი, რათა დადგენილი იქნეს იგივე მწვავე უკმარისობა გულის შეიძლებოდა თუ არა გამოეწვია ისეთ სტრესს როგორიც, არის ადამიანის წამება“-ამბობს ჯიშკარიანი.
არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს დააკავა , 23 თებერვალს კი მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელებმა და რუსულმა საინფორმაციო საშულებებმა რამდენიმე ვერსია გააჟღერეს ერთ -ერთი ვერსიით არჩილ ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა. ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები გამორიცხავს მის კიბეზე დაგორებით გარდაცვალებას.
რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.