19 დეკემბერი 2024,   14:46
ვრცლად
რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ - საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა და უმრავლესობის ერთმა წევრმა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა 

რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა და უმრავლესობის ერთმა წევრმა.

უცნობია მიზეზი, რატომ არ მისცა ხმა უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პროექტის დამტკიცებას. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსმა“.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ , ოპოზიციონერ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. როგორც ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე განმარტავს, რეზოლუციის შინაარსიდან გამომდინარე მის გუნდს არ შეეძლო პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემა. თუმცა გოცირიძის განცხადებით, რეზოლუციაში ჩადებული "ოთხოზორია ტატუნაშვილის სია" აქედანვე  „მკვდრად შობილია“.

გოცირიძე იმ შენიშვნებზე საუბრობს, რომელთა გათვალისწინებაზე უმრავლესობის დეპუტატებმა უარი განაცხადეს.

„ჩვენს მიერ დასახელებული იყო სამი შენიშნა, ამ სამი შენიშვნიდან ორი არ იქნა გათვალისწინებული.

პირველი ის, რომ სია, ფაქტობრივად, არის მკვდრად შობილი და მასში შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანების შეყვანა, რომელიც არის ასე ვთქვათ მსჯავრდებული ანუ ციხეში ზის და ამ ადამიანებს რაში სჭირდებათ ვიზები? და ბრალდებული, რომელთა მიმართაც არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ჩვენ ძალიან ვზღუდავთ სიაში მოხვედრის კატეგორიას, ფაქტობრივად ეს სია იქნება უმოქმედო და არანაირი ეფექტი არ ექნება.

მეორე შენიშვნა მდგომარეობდა იმაში, რომ დაეწყო საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან და აშშ-სთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების თაობაზე შესახებ 2008 წლის ხელშეკრულების დარღვევის გამო“-აცხადებს რომან გოცირიძე.

რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტი პარლამენტმა 106 ხმით დაამტკიცა.

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია, იგივე  „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარადგინოს.

დღის ამბები