26 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ძაბვის ვარდნა და ოპერატორის არასწორი რეაგირება - გუდაურის საბაგიროს დაზიანების პირველადი მიზეზი ცნობილია

16 მარტს გუდაურში საბაგირო გზაზე მომხდარი შემთხვევის პირველადი მიზეზი ცნობილია. საერთშორისო ექსპერტების წინასწარი დასკვნა მედიას ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ძაბვის ვარდნას და ოპერატორის არასწორ რეაგირებას.

საბაგირო გზა „საძელეს“ ოპერატორს უფლებამოსილება შეუწყდა, გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყდება დაეკისრება თუ არა, ან რა სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ 16 მარტს ნამდვილად იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება. თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შესაბამისად , შემდგომ უკვე იქ მყოფი ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დასცილდნენ საბაგიროს. დღეს არსებული დასკვნით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. შესაბამისად, ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი.  რა თქმა უნდა, ოპერატორი რომელიც იქ იყო ჩამოშორებულია საქმიანობას.

"გარდა ამისა, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე  გუდაურის ტყის მართვის დეპარტამენტის უფროსი ეს ორი ადამიანი იღებს პასუხისმგებლობა“-განაცხადა ქუმსიშვილმა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ექსპერტის დასკვნის პირველადი მონაცემების შემდეგ უკვე გამოძიება დაადგენს თუ ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება.

რაც შეეხება ძაბვის ვარდნას, ონოფრიშვილის თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ენერგო პროს პასუხისმგებლობა არ იკვეთება.

„"ენერგო პროს“ მის ქსელში ძაბვის ვარდნა არ ჰქონია ეს არის ჩვენი ქსელი, ჩვენი ტრანსფორმატორი და იქ იყო ძაბვის ვარდნა. ამიტომ „ენერგო პრო“-ს მიმართ ჩემი აზრით, მის ქსელში, რადგან არ იყო ძაბვის ვარდნა, მისი პასუხისმგებლობა არ იკვეთება“- ამბობს ონოფრიშვილი.

ბიურო ”ვერიტასის” ექსპერტები ადგილზე სამი დღის მანძილზე მუშაობდნენ.

„ინსპექციამ დაასკვნა, რომ საძელე საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის მიზეზი არ ყოფილა არც სისტემური ხარვეზი და არც მექანიკური დეფექტი. სისტემა ტექნიკურად გამართული იყო. ინციდენტი ოპერატორის შეცდომის გამო მოხდა, ძაბვის ვარდნის შემდგომ ოპერატორის გადადგმული ნაბიჯი არ იყო სწორი, რის გამოც საბაგირომ უკუსვლით დაიწყო მოძრაობა. როდესაც ოპერატორებმა ჩართეს სამუხრუჭე მექანიზმი საბაგირო გაჩერდა“ - განაცხადა ბიურო ”ვერიტასის” წარმომადგენელმა უგურ კარამანიმ.

განმარტებები გააკეთეს საბაგიროს მფლობელებმა. ავსტრიულ-შვეიცარიული საბაგიროს მწარმოებელი კომპანია ”Doppelmayr”-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საბაგირო გზას ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონია. 

დღის ამბები