18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
მაშველები ჭიათურის მაღაროდან გარდაცვლილი მუშის ამოყვანას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ 

ჭიათურის მაღაროდან გარდაცვლილი მუშის ამოყვანას მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. ცხედარი გვირაბის ნანგრევებშია მოყოლილი. ლოდები იმდენად დიდია, რომ მაშველები მას პერფორატორებით ანგრევენ. 

„ჯორჯიან მარგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლევან აბრამიშვილი აცხადებს, რომ უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ლევან აბრამიშვილი ექსპერტიზის ჩატარებამდე და დასკვნის დადებამდე რაიმე ტიპის შეფასებისგან თავს იკავებს.

შუქრუთის მაღაროში გვირაბი გამთენიისას ჩამოიშალა და 45 წლის ზაზა აბრამიშვილი ქვეშ მოიყოლა.

„უსაფრთხოების წესების არსებობაზე საერთოდ არ შეიძლება საუბარი იმიტომ, რომ საერთოდ არ შეიძლებოდა იქ მუშაობა, სამუშაოების წარმოება. რამდენადაც მაღაროელები ამბობენ, ეს მაღარო იყო ავარიული და იყო დაკეტილი. მე არ ვიცი, რატომ გახსნეს, ვისი ბრძანებით გახსნეს და ვისი მითითებით დაიწყო იქ სამუშაოები,“ - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ.

დოლაბერიძე აღნიშნავს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს წერილობით მიმართეს, რომ პროფკავშირის შრომის დაცვის ტექნიკური ინსპექტორი შეიყვანონ კვლევის კომისიაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები