18 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
"ხიდი მომავლისკენ" - აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა თბილისში და გზა, რომელმაც აზია და ევროპა ერთმანეთს უნდა დააკავშიროს

"ხიდი მომავლისკენ" - აზიის განვითარების ბანკის წლევანდელი დევიზი, რომელიც სწორედ თბილისში გაჟღერდა. საქართველომ, როგორც ევროპის განუყრელმა ნაწილმა და აბრეშუმის გზის მემკვიდრემ, ხიდის ფუნქცია დიდი ხნის წინ იტვირთა, გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ კი ეს პოზიციები გამყარდა. სტრატეგიული დერეფნები, სატრანსპორტო მარშრუტები, მარტივი შესაძლებლობები პარტნიორებისთვის და საერთო სარგებელი რეგიონს - სწორედ ამ საკითხებზე დასვა აქცენტი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, როდესაც აზიიდან და ოკეანეთიდან მიღებულ სტუმრებს მიმართავდა. "საქართველოს გაცხადებული მიზანია, გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი. ლოჯისტიკის, განათლებისა თუ სერვისების მთავარი ჰაბი რეგიონში"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ფისკალური და მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლების დემონსტრირებით თბილისი სტუმრებისთვის იმის თქმას შეეცადა, რომ სურს მათ საუკეთესო ბიზნეს გარემო შესთავაზოს. ეს კი შესაძლებლობაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვისაც. სტრატეგიული პროექტების წინ წასაწევად, საქართველო პარტნიორებისგან მეტ ჩართულობას ელის. ამ მხრივ დასახელდა "შავი ზღვის კაბელისა" თუ "საბორნე მიმოსვლის პროექტი", ასევე შიდა ინფრასტრუქტურული პროექტებიც როგორებიცაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზები თუ ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში.

აზიის განვითარების ბანკს საქართველო 2007 წელს შეუერთდა, უკვე დღეს კი ერთ-ერთი დონორი სახელმწიფოა. ამ დროის მანძილზე, ბანკს საქართველოსთვის ოთხნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა აქვს გამოყოფილი, სხვადასხვა სტრატეგიული პროექტების განსახორციელებლად. 16 ასეთი პროექტი ამჟამადაც პროცესშია. თავად აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მისწრაფებებს მხარს უჭერს და მის პოტენციალსაც აღიარებს, აქცენტები ბანკის პრეზიდენტმა გლობალურ გამოწვევებზე გააკეთა.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეკრებაზე თბილისში 68 ქვეყნის 4000 სტუმარმა მოიყარა თავი. 2 მაისიდან სხვადასხვა ადგილას თბილისში 70 პანელური დისკუსია იმართება. თბილისისთვის ეს ღონისძიება დამატებითი შესაძლებლობა იყო , ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობაზე სამსჯელოდაც. ასე მოხდა პრემიერ მინისტრისა და იაპონიის ფინანსთა მინისტრებს შორის შეხვედრაზეც, სადაც საუბარი საქართველო-იაპონიის ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობას შეეხო. უკვე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან კი, საუბარი იყო ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსებაზე, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და განათლების სფეროში ინვესტიციებზე. რაც შეეხება ისეთ გლობალურ თემებს, როგორიცაა კლიმატი, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული სერვისები, ფინანსური სექტორის გამოწვევები და სხვა მიმართულებები - მათზე მსჯელობა ხვალინდელი სესიით დასრულდება. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე სამსჯელოდ შემდეგი შეკრება ბანკს უკვე მილანში მოუწევს.

 

 

დღის ამბები