26 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
„ჩემს გვერდით დაწექი“, „მოდი, დაჯექი, დაჯექი, ტაკოზე უნდა გაგარტყა“ - 15 წლის გოგონა პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

„ჩემ გვერდით დაწექი“, „მოდი, დაჯექი, დაჯექი, ტაკოზე უნდა გაგარტყა,“ - 15 წლის გოგონა პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ვიდეო 15 წლის გოგომ მასზე სექსუალური ძალადობის დროს პედაგოგის სახლში გადაიღო.

არასრულწლოვანი გოგონას მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ბავშვი მასწავლებელს სექსუალური ძალადობის შეწყვეტას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფეხბურთო გუნდიდან წასვლით ემუქრება. 70 წლამდე მასწავლებელი კი გოგონას აშანტაჟებს, ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრება და უყვირის.

არასრულწლოვანი სამეგრელოში ფეხბურთის გუნდში სათამაშოდ იმერეთის ერთ-ერთი ქალაქიდან ჩავიდა. მწვრთნელის სახლში ის თანაგუნდელთან ერთად ცხოვრობდა. მოზარდი ამტკიცებს, რომ სექსუალური ურთიერთობა მასწავლებელმა მას სახლში გადასვლიდან 1 კვირაში, ფულის სანაცვლოდ, შესთავაზა. 

მოზარდმა ვიდეო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გადაიღო, მასწავლებლის სახლიდან წამოვიდა და მოძალადის სამართლებრივად დასჯას ითხოვს.

ბოლო ინციდენტი 4 დღის წინ მოხდა, მოზარდზე მწვრთნელმა ერთ დღეში რამდენჯერმე იძალადა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

არასრულწლოვანმა ვიდეომასალა ჯერ საფეხბურთო სკოლის თანამშრომლებს, შემდეგ კი ოჯახის წევრებს აჩვენა. გოგონას დედა დახმარებას პრეზიდენტს სთხოვს.

კურიერის ინფორმაციით, 70 წლამდე მასწავლებელმა რაიონი 3 დღის წინ დატოვა. კურიერთან საუბარში სავარაუდო მოძალადე ბრალდებებს უარყოფს.

ის, რომ მწვრთნელს ფეხბურთელი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, სკოლაშიც იციან, თუმცა, მძიმე ბრალდებების დაჯერება უჭირთ.

სექსუალური შევიწროვების შემდეგ, გოგონას ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა. მას ექიმებმა მკურნალობის კურსი დაუნიშნეს, თუმცა დედამ შვილისთვის უსახსრობის გამო წამლების შეძენა ვერ მოახერხა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, შაბათის კურიერის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

 

 

 

ავტორები: ედიშერ მუშკუდიანი, ემა გოგოხია. 

დღის ამბები