02 მაისი 2024,   01:18
ვრცლად
ბათუმი სასაფლაოს გარეშე - ძველი სასაფლაო დახურულია, ახალი კი ჯერ არ გახსნილა

ბათუმი სასაფლაოს გარეშე - ძველი სასაფლაო უადგილობის გამო დახურულია, ახალი კი ჯერ არ გახსნილა. ჭირისუფალმა არ იცის, სად უნდა დაკრძალოს მიცვალებული. ახალი სასაფლაო, რომლის მოწყობა ბიუჯეტს სამი მილიონ 400 ათასი ლარი დაუჯდა, არ ფუნქციონირებს.

პირველი ხელშეკრულებით, კონტრაქტორ ფირმას 2017 წლის მარტში ბათუმის ახალი სასაფლაოს მოწყობა უკვე უნდა დაესრულებინა, ვადა ოთხჯერ გადაწიეს და სასაფლაო ზღვისპირა ქალაქს ისევ არა აქვს.

ოთხჯერ შეცვლილი კონტრაქტის შემდეგ, ბათუმის ახალი სასაფლაოს გახსნის ბოლო ვადად 31 მარტი დასახელდა, თუმცა, სასაფლაოს კარი ისევ დაკეტილია. აღმოჩნდა, რომ დოკუმენტების მიხედვით სასაფლაო დასრულებულია და ჩაბარებულია, თუმცა, ირკვევა, რომ ბათუმის მერმა მიღება-ჩაბარების აქტს ხელი ისე მოაწერა, რომ ტერიტორიაზე არც წყალია, არც განათება, არც გაზი და მიწა, სადაც სამარხები უნდა გაითხაროს, უვარგისია.

კურიერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს ნაპრალები, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორია სასაფლაოსთვის გამოუსადეგარია.

შპს მამისონი, რომელმაც ახალი სასაფლაოს მშენებლობაში სამი მილიონნახევარი ლარი აიღო, ქართული ოცნების ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია. სასაფლაოების გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ მის დაჯარიმებას არავინ აპირებს.

ახალი სასაფლაოს აშენების აუცილებლობა ბათუმში ჯერ კიდევ 2010 წლიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ფერიის სასაფლაო უადგილობის გამო დაიხურა. მაშინ პროექტიც შედგა და ბათუმთან ახლოს ადგილიც მოიძებნა, თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროექტი და ადგილი შეიცვალა.

ბათუმის ფერიის სასაფლაოზე დღესდღეობით დაკრძალვა მხოლოდ საგვარეულო საფლავებზე ხდება. ჭირისუფლები სხვის საგვარეულო საფლავზე ადგილს ყიდულობენ, რაშიც რამდენიმე ათას დოლარს იხდიან.

დღის ამბები