26 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისში - სამართალდამცველებმა ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი დააკავეს

მორიგი სპეცოპერაცია თბილისში და რამდენიმე ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი დააკავეს. აგლაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციამ მის ავტომობილში მყოფი კიდევ ორი ახალგაზრდა აიყვანა.

„კურიერმა“ მისი ჩაწერა წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე მოახერხა, თუმცა ბიზნესმენი არ აკონკრეტებს რა საქმეს უკავშირდება მისი დაკავება.

40 წლის ბიზნესმენი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის აგლაძის ქუჩაზე მის კუთვნილი სასტუმროდან გამოვიდა. ბერბერაშვილთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარი გიორგი ჭიჭინაძეც.

საგამოძიებო მოქმედებები დღეს ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა, ბიზნესმენის დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა დავით ბერბერაშვილის, იგივე ბერბერას კუთვნილი სასტუმრო გაჩხრიკეს.

აგლაძის ქუჩაზე მდებარე ობიექტიდან „კურიერის“ ინფორმაციით, ამოღებულია იარაღი და ნარკოტიკი. ერთ-ერთი ვერსიით, დავით ბერბერაშვილსა და გიორგი ჭიჭინაძეს კრიმინალური პოლიცია თანხის გამოძალვასაც ედავება.

ბიზნესმენის დედა შვილის იარაღთან ან ნარკოტიკულ ნივთიერებასთან კავშირს გამორიცხავს. კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ჭიჭინაძის ოჯახის წევრებმა კი მისი დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგეს.

ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინიტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულებს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.

დღის ამბები