11 დეკემბერი 2018,   18:46
ვრცლად
ინტერნეტთამაში "ჩარლი," რომელიც მოზარდის ფსიქიკაზე მოქმედებს - განათლების სამინისტრომ რეკომენდაციები გაავრცელა

საქართველოში სკოლის ათასობით მოსწავლის მშობელმა დღეს სასწრაფო შეტყობინება მიიღო. პედაგოგებმა ისინი ახალი საშიში ინტერნეტ თამაშის შესახებ გააფრთხილეს.

„ჩარლი ჩარლი“ მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ფსიქოლოგების დასკვნით თამაში, მოზარდის ფსიქიკაზე მოქმედებს და მას ძალადობისკენ უბიძგებს.

„ჩარლი“ ახალი საშიში ინტერნეტ თამაშის მისტიური გმირია, რომლის სულსაც სხვადასხვა კითხვაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის მისაღებად იძახებენ. თამაშს საშიშს მძიმე მუსიკა და იმის გააზრება ხდის, რომ მოთამაშეს მისტიური გმირი ესაუბრება.

მანიპულაციური თამაშის შესახებ, რომელიც ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე ცუდად მოქმედებს, ცნობილია თინეიჯერებისთვის. მათი ნაწილი ასე გართობას სახალისოდ მიიჩნევს.

ახალი სახიფათო თამაშით 6-7 წლის ბავშვებიც ინტერესდებიან. ფსიქოლოგები სწორედ ამ ასაკის ბავშვების ფსიქიკის შერყევაზე საუბრობენ. დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, რომლებიც მისტიურ არსებას სხვადასხვა კითხვით მიმართავენ, აქვთ შიშები რომ მათ მუდმივად დასდევთ სული, ეჩვენებათ, რომ მათ გარშემო საგნები შეხების გარეშე ადგილს იცვლიან, უჭირთ ჩაძინება და ხშირად ტირიან უმიზეზოდ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბავშვებს წვდომა მსგავსი ხასიათის თამაშებთან არ უნდა ჰქონდეთ. რამდენიმე სკოლამ მშობლები უკვე გააფრთხილა.

მას შემდეგ, რაც თამაშით დაინტერესებას სკოლებში მასიური ხასიათი მიეცა, განათლების სამინისტრომ პედაგოგებისა და მშობლებისთვის რეკომენდაციები გაავრცელა.

შსს-ში საშიში ინტერნეტ თამაშების პრობლემას ადასტურებენ, თუმცა რა კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებენ სამართალდამცველები იმისთვის, რომ არასრულწლოვნებს მსგავს თამაშებზე ხელი არ მიუწვდებოდეთ, უცნობია.

ინტერნეტ თამაშ „ჩარლის“ შესახებ წერენ საერთაშორისო გამოცემებიც. თამაში ნეგატიური ზეგავლენის გამო უკვე აიკრძალა არაერთ ქვეყანაში. 

დღის ამბები