26 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ იმიტომ, რომ გარანტირებული არაფერი არ არის - კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლები 

კლუბ „ბასიანის“ ტერიტორია დამფუძნებლებმა, ტატო გეთიამ და ზვიად გელბახიანმა დატოვეს. კლუბში პირველადი დათვალიერება, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა.

მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ კლუბი „ბასიანი“ დღეს გაიხსნა. კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბი 10 დღის შემდეგ გახსნა.

დამფუძნებლების თქმით, პირველადი დათვალიერების შედეგად არ გამოიკვეთა კლუბის ინვენტარის დაზიანების ფაქტები, თუმცა დამატებით ინფორმაციას დეტალური შესწავლის შემდეგ გაავრცელებენ.

„პირველადი დათვალიერების ფარგლებში არაფერი დაზიანებული არ არის, თუმცა, უნდა მოხდეს ინვენტარიზაცია, რასაც დრო სჭირდება და შესაბამისად, ამაზე პასუხს მოგვიანებით გაგცემთ,“ - განაცხადა ტატო გეთიამ.

კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი აღნიშნავს, რომ კლუბი სავარაუდოდ, ივნისში გაიხსნება.

კლუბის დამფუძნებლების თქმით, 27 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აქციის სხვა ორგანიზატორებთან გაივლიან და ამის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.

კლუბ „ბასიანის“ გახსნისას ტერიტორიაზე კლუბის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ დაანონსებული აქცია უნდა გაიმართოს.

კლუბ „ბასიანის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქცია თავისუფალი ბიზნესის მხარდაჭერისთვის გაიმართება.

„დაანონსებული აქცია გაიმართება, ეს იქნება აქცია თავისუფალი სიტყვისთვის, თავისუფალი ბიზნესისთვის და იმ საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენი სამოქმედო სტრატეგია იყო, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენი საარსებო სივრცე უნდა დავიბრუნოთ, თუმცა, ამავდროულად ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ იმიტომ, რომ როგორც ვხედავთ გარანტირებული არაფერი არ არის,“ - განაცხადა კლუბ „ბასიანის“ თანამშრომელმა.

კლუბის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები და კლუბის წარმომადგენლები. აღწერა კლუბის ტერიტორიაზე დაიწყო, რის შემდეგაც სამართალდამცველები ექსპერტები და კლუბის მფლობელები შენობაში შევიდნენ.

შენობაში შესვლის საშუალება მოგვიანებით ჟურნალისტებსაც მიეცემათ. 

დღის ამბები