26 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
27 მაისს ევროპის მოედნის ნაცვლად რეივ-აქცია „ბასიანზე“ გაიმართება

კვირას ღია ცის ქვეშ დაგეგმილმა აქციამ დახურულ კლუბებში გადაინაცვლა - ღამის კლუბების წარმომადგენლებმა დღეს საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ კვირას „ბასიანზე“ რეივ-აქცია გამართავენ.

27 მაისს ნებისმიერ მსურველს 18:00 საათიდან შეეძლება "ბასიანზე" შესვლა და კლუბების მიერ ერთობლივად დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. 

დავით ლეჟავა აცხადებს, რომ 27 მაისს ევროპის მოედნის ნაცვლად „ბასიანზე“ გაიმართება რეივ-აქცია.

„ევროპის მოედნის ნაცვლად ვბრუნდებით სახლში. 12 მაისის „შავი პარასკევის“ მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბები დაგვიბრუნა, ჩვენი კარი ღიაა. თუმცა, ღია კარი არ ნიშნავს რომელიმე ღამის კლუბის გახსნას, არამედ კარის გაღებას საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვინც მზადაა, ერთად დადგეს საერთო გამოწვევების და პრობლემების წინააღმდეგ,“ - განაცხადა დავით ლეჟავამ.

კლუბ „ბასიანის“ მფლობელის, ტატო გეთიას თქმით, 27 მაისს კლუბში გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრებენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიდგებით და ყოველთვის ვადევნებთ თვალყურს იმ პრობლემებს და იმ პროტესტებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს იქნება ნარკოპოლიტიკა თუ სხვა ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, გვერდში ვუდგავართ. თუმცა, კლუბები ვერ იქნება მთავარი პოლიტიკური პლატფორმა ამ ყველაფრისთვის. ჩვენ მივიღეთ გამარჯვება, ჩვენ მივიღეთ უპრეცენდენტო გაერთიანება ამ სცენის და ჩვენ ამ პატარა ნაბიჯს წინ ერთად აღვნიშნავთ,“ - განაცხადა გეთიამ.

კლუბების ინიციატივას გლობალური ონლაინ მუსიკალური პლატფორმა Boiler Room უერთდება, რომელიც „ბასიანში“ მიმდინარე აქციას პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემს.

დღის ამბები