19 აგვისტო 2019,   19:23
ვრცლად
შსს პარლამენტთან განხორციელებულ დაკავებებზე პირველ განცხადებას აკეთებს

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირების შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სულ 9 პირია დაკავებული.

„რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული კანონდარღვევის 166-173-ე მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი. მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრერბი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდემცველებს.

გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელიც, ასევე, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს. პოლიციამ ადგილზე აღკვეთა ნიკანორ მელიას სამართალდარღვევა. ნიკანორ მელია თავისუფალია.

ასევე, გაცნობებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი.

აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უერთდებოდა. პიროვნების იდენტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა.

რუსთაველის გამზირზე დღეს პოლიციამ სხვა ძებნილიც დააკავა. სამართალდამცველებმა, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, ქურდობისთვის ძებნილი - 1994 წელს დაბადებული პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც კარავში აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული პირი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა,"-განაცხადა მამუკა მჭედლიძემ.

დღის ამბები