20 აგვისტო 2018,   01:26
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოსაკითხთა სია ცნობილია

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სია ცნობილია. 

როგორც დღეს გამართულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, კომისიის ფარგლებში პირველ რიგში მოკლული მოზარდების ოჯახის წევრები დაიკითხებიან.

სარალიძისა და დადუნაშვილის შემდეგ საგამოძიებო კომისია გამოკითხავს ოჯახის ადვოკატებს. კომისიის ფარგლებში დაიბარებენ: შს მინისტრს, გიორგი გახარიას, მის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს.

ასევე გამოიკითხება ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მისი მოადგილე და ამჟამად მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე, საქმის პროკურორები, თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მისი მოადგილე.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხავენ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანსა და მერაბ მორჩაძეს. ასევე მიხეილ კალანდიას.

კომისიის სხდომაზე დაიბარებენ და გამოიკითხებიან არასრულწლოვნები, საქმის გამომძიებლები და ექსპერტები. როგორც ცნობილია, რიგითობის პრინციპი დადგენილი არ არის.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში სახალხო დამცველი ჩაერთვება. ნინო ლომჯარია საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც გამოიკითხება.  ასევე გამოიკითხება 51-ე სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე.

საგამოძიებო კომისიის სხდომები, მიმდინარე კვირაში გაიმართება. 

დღის ამბები