26 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
უსინდისო სპეკულაციები და ტყუილის ტირაჟირება - დაპირისპირება მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას 

მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა პარლამენტში, ხმაურის და პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია მინისტრებს აკრიტიკებს, მათ დაცვას კი უმრავლესობის წევრები ცდილობენ, რასაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ იმდენად ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს კომიტეტის სხდომები, რომ ერთდროულად რამდენიმე კომიტეტის წევრი დეპუტატები რეალურად კითხვების დასმას ვერ ახერხებენ.

რაზეც მას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ უპასუხა, რომ კომიტეტის სხდომა ჯერ დაწყებული არ არის და დეპუტატების კითხვებს უკვე მინისტრი იწერს.

„თქვენ გინდათ დარბაზი , ბატონო ირაკლი, სადაც არავინ იქნება თქვენი პოლიტიკური გუნდის გარდა და ამიტომ გაწუხებთ ის, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა - „ჩვენ აქ შემოვიპარეთ“ რომ დავსვათ კითხვები, რომლებიც ხალხს აწუხებს და რომელიც თქვენთვის ღიმილის მომგვრელია, რადგან თქვენ მხოლოდ თქვენი სკამები გაინტერესებთ, ისევ როგორც აქ მყოფ მინისტრებს“- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ბოკუჩავას განცხადებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა გაბუნიასთან დაპირისპირება მოჰყვა. მან თინა ბოკუჩავა სიცრუეში დაადანაშაულა.

გაბუნიას განცხადებით, ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა სხვა დროს არის ჩანიშნული, რაც ხელს არ უშლის დეპუტატებს სხვადასხვა კომიტეტის სხდომებს დაესწრონ და სასურველი კითხვები დასვან.

„თქვენ თქვით ორი ტყუილი, ერთი თითქოს მიმდინარეობდა ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა და მეორე გაცილებით მძიმე ტყუილი, რომ ივანიშვილის ხის გადატანას შეეწირა პოლიციელის სიცოცხლე“-მიმართა გაბუნიამ ბოკუჩავას.

ბოკუჩავამ კი გაბუნიას და მთავრობის წევრებს მატყუარები უწოდა და ურჩია ვიდრე სხვას დაადანაშაულებდნენ სიცრუეში პარლამენტის ჩანიშნული სხდომების განრიგი გადაემოწმებინათ.

მინისტრთა კაბინეტს პარლამენტში დაჩქარებული წესით უსმენენ. მთავრობის პროგრამის განხილვა დეპუტატებმა, რეკორდულად მოკლე დროში ერთ დღეში უნდა მოასწრონ- საკომიტეტო მოსმენები ერთმანეთის პარალელურად იმართება, რის გამოც ოპოზიცია ყველა მინისტრისთვის შეკითხვების დასმას ვერ ასწრებ, რაც ასევე მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

დღის ამბები