16 დეკემბერი 2018,   04:13
ვრცლად
პატრიარქის მოსაყდრე შიოს დანიშვნის კანონიერების საკითხი - წმინდა სინოდი მწვავე კრებისთვის ემზადება

კრიზისი საპატრიარქოში და მოსაყდრე შიოს დანიშვნის კანონიერების საკითხი - წმინდა სინოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე კრებისთვის ემზადება.

მღვდელმთავრები მძიმე შეხვედრაზე ხვალ 12:00 საათზე შეიკრიბებიან. წმინდა სინოდის სხდომა შვიდ თვიანი პაუზის შემდეგ ჩაინიშნა.

„კურიერის“ ინფორმაციით, რამდენიმე მღვდელმთავარი შეხვედრაზე მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრედ დანიშვნის კანონიერების საკითხს დააყენებს. მეუფე შიო სამი ქორეპისკოპოსიდან ილია მეორემ 2017 წლის გიორგობას გამოარჩია და მას განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა.

მეუფე შიოს საკითხს სინოდის ხვალინდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, ფოთელი ეპისკოპოსი დააყენებს. ფოთში გამართულ დახურულ შეკრებაზე სასულიერო პირებმა ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელმაც საქართველოს საპატრიარქო მწვავე კრიზისამდე მიყვანა. ფოთელი მიტროპოლიტი არ მალავს რომ ახლა ეკლესიას მძიმე პერიოდი უდგას, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ციანიდის საქმეა.

სინოდის ხვალინდელ სხდომაზე უკვე ცნობილია იმ საკითხების ნაწილი რომელზეც დახურულ კარს მიღმა საუბარი მოუწევთ. ერთ-ერთი კი საუკუნის საქმე უნდა იყოს, რომლის შესასწავლადაც სპეციალური საეკლესიო კომისია უნდა შეიქმნას. დეკანოზი გიორგი მამალაძის უფლებადამცველები სწორედ ამ კომისიის ვერდიქტს ელოდებიან.

შიდა საკითხების გარდა, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილება აქვს მისაღები საგარეო მიმართულებითაც. ქართული ეკლესიის წინაშე ახლა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დგას.

სინოდის ხვალინდელი სხდომის შედეგებს მხოლოდ საქართველო არ ელოდება. მღვდელმთავრების გადაწყვეტილებას ელოდებიან კიევსა და მოსკოვში, ხვალ საპატრიარქომ არჩევანი რუსულ ეკლესიასთან ურთიერთობის შენარჩუნებასა და უკრაინის ავტოკეფალიას შორის უნდა გააკეთოს.

დღის ამბები