26 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
"გამოკითხვა დასრულდა არასრულწლოვნის, ისე, რომ ტელეფონი მისგან არ ამოგიღიათ" - ოთარ კახიძე შსს- მთავარ დეტექტივს მიმართავს

„თქვენ გამოცდილი პირი ბრძანდებით, რატომ არ ამოიღო გამომძიებელმა ტელეფონი დაუყოვნებლივ, პირველივე დაკითხვის შემდეგ?“ - ამ კითხვით, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ შსს-ს მთავარი დეტექტივ კახა სირაძეს მიმართა.

ოთარ კახიძეს დეტექტივისგან აინტერესებდა, რატომ არ ამოიღეს გამომძიებლებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებისგან მობილური ტელეფონები.

როგორც გაირკვა, გამოძიებას საწყის ეტაპზე ტელეფონები ამოღებული არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებით ცნობილი ხდება, რომ დანაშაული დაიგეგმა სწორედ ტელეფონით და სოციალური ქსელით.  

„ა.ს-ს დაკითხვა როდესაც მოხდა, როდესაც მან მოგაწოდათ ინფორმაცია, ასევე გაწვდით იგი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამ კონფლიქტის მეორე ეტაპზე, ასე ვთქვათ, დაუკავშირდა მის დეიდაშვილს, მ.კ-ს. დაუკავშირდა ტელეფონით. გამოკითხვა დასრულდა არასრულწლოვნის, ისე, რომ ტელეფონი მისგან არ ამოგიღიათ, ტელეფონი, რომლითაც პრაქტიკულად დაიგეგმა ამ კონფლიქტის გაგრძელება, რატომ არ ამოიღეთ, თქვენ გამოცდილი პირი ბრძანდებით, რატომ არ ამოიღო გამომძიებელმა ტელეფონი დაუყოვნებლივ, პირველივე დაკითხვის შემდეგ?“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძის, მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად, სირაძე ამბობს რომ გამოძიებამ ასე ჩათვალა საჭიროდ.

„ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც მშობელმა წარმოადგინა საგამოძიებო ორგანოში ეს პიროვნება. მისცა შესაბამისი ინფორმაცია გამოძიება, მისი ჩვენებიდან ძალიან ბევრი ფაქტი გაირკვა, ოფიციალურად დადასტურებულ დოკუმენტს ვგულისხმობ. ვინ ჩხუბობდა, რა თემაზე ჩხუბობდნენ, რა იყო ჩხუბის მიზეზი და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ პირთა იდენთიფიკაციის საკითხი ერთგვარად უკვე გარკვეული იყო. რაც შეეხება ტელეფონს, ყოველ შემთხვევაში გამოძიებამ ჩათვალა და არ იქნა ამოღებული,“ - განაცხადა კახა სირაძემ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. დეპუტატების კითხვებს საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები, კერძოდ პროკურორი ზვიად ფხაკაძე და შსს-ს მთავარი დეტექტივი კახა სირაძე პასუხობენ.

დღის ამბები