02 მაისი 2024,   03:44
ვრცლად
10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი-პარლამენტი მთავრობის რეორგანიზაციაზე მუშაობას დღეიდან იწყებს

პარლამენტი მთავრობის რეორგანიზაციაზე მუშაობას დღეიდან იწყებს. 100-ზე მეტ კანონში ცვლილებები საორგანიზაციო დეპარტამენტში დღეს დარეგისტრირდება. ამის შემდეგ კი დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ რა ვადაში და რა პროცედურით გაგრძელდება სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობა. 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი 14 უწყების ნაცვლად-ასეთია პრემიერ ბახტაძის გეგმა. სტრუქტურული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაზე დაიწყებს მსჯელობას.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრის დროს ოპოზიცია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება თითქოს ამით არაფერი შეიცვლება. აკაკი ზოიძის თქმით ჯერ კიდევ პირველი რესტრუქტურიზაციის შედეგად  საკმაოდ დიდი თანხები დაიზოგა. შესაბამისად მცირე მთავრობის ფარგლებში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება.

„ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება თითქოს და არანაირი დაზოგვა არ მომხდარა. წლიდან წლამდე მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები  როგორც მთლიან შიდა პროდუქტთან, ისე როგორც ბიუჯეტის წილი. და ამის გარდა კონკრეტულად 2017 წელს 100 მილიონამდე თანხის დაზოგვა იმ სტრუქტურული გაერთიანებების და სხვა ცვლილებების შედეგად. ადმინისტრაციული დანახარჯიც შედის ამაში, სახელფასო დანახარჯიც მაგრამ ძირითადი  ნაწილი არის ე.წ. ბიუროკრატიული დანახარჯი,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ მიზანი სტრუქტურული ცვლილებების არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ხალხმა სარგებელი.

„მოქალაქეებმა ძალიან სწრაფად მიიღონ სიკეთე სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს არის მთავარი არგუმენტი რისთვისაც ჩვენ ვამცირებთ შესაბამის სტრუქტურებს რაოდენობრივად და ასევე ის, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ ბიუროკრატიული ხარჯები,“-განაცხადა სოფო კილაძემ და აღნიშნა, რომ გამოთავისუფლებული თანხა მიმართული იქნება სოციალური პროექტებისკენ

დღის ამბები